English / ქართული / русский /
დავით კეშელავა
სტრუქტურული ტრანსფორმაციის თავისებურებები საქართველოში 1990-2015 წლებში

ანოტაცია

სტრუქტურული ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენs მწარმოებლურობის ზრდაზე, სწორედ ამ აღმოჩენას შეუძლია წარმატებით ახსნას ეკონომიკური ზრდის განსხვავებული ტემპები ერთიდაიმავე შესაძლებლობების მქონე ქვეყნების შემთხვევაში. ამ სტატიის მიზანია, შეისწავლოს საქართველოს ეკონომიკური სტრუქტურის განვითარება ბოლო პერიოდში. მიუხედავათ იმისა, რომ საქართველოში ზრდის მასტიმულირებელი სტრუქტურული ტრანსფორმაცია მიმდინარეობს და, ერთი შეხედვით, ცვლილებები სწორი მიმართულებით ხორციელდება, სტრუქტურული ცვლილებების ტემპი შესამჩნევად დაბალია. ამის შედეგად, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ კონცენტრირებულია დაბალმწარმოებლურ სექტორებში.    

საკვანძო სიტყვები: სტრუქტურული ტრანსფორმაცია, მწარმოებლურობა, სექტორული განაწილება

გლობალიზაციამ და რეგიონულმა ინტეგრაციამ თითქმის ყველა განვითარებად ქვეყანაზე (გარდამავალ ეტაპზე მყოფი ეკონომიკების ჩათვლით) იქონია გავლენა და სულ უფრო მეტად ჩართო ისინი მსოფლიო ეკონომიკაში. გლობალიზაციის კვალდაკვალ, სავაჭრო ტარიფებმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწიეს, მნიშვნელოვნად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები, ამასთანავე, ძალზე გამარტივდა ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემა. მიუხედავად ამისა, ისარგებლებს თუ არა ქვეყანა გლობალიზაციის სიკეთეებით, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის იგი ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში.  [McMillan at al, 2011].   

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საბჭოთა კავშირში ზედმეტად ინდუსტრიული ეკონომიკა იყო და მსოფლიოს სხვა, საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებთან შედარებით მის ინდუსტრიულ სექტორში ძალზე მაღალი იყო სამუშაო ძალის კონცენტრაცია. ამიტომაც, მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის და მსოფლიო ბაზართან მეტად ინტეგრირების შედეგად,  მყისიერად შემცირდა სამუშაო ძალა ინდუსტრიულ სექტორში  და გაჩნდა ამბიციური რეფორმების საჭიროება. გარდამავალ ეტაპზე მყოფმა წარმატებულმა ქვეყნებმა (მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა) ეს რეფორმები ისე განახორციელეს, რომ სტრუქტურული ტრანსფორმაცია სწორი მიმართულებით წარიმართა _ სამუშაო ძალამ ინდუსტრიული სექტორიდან მაღალმწარმოებლურ მომსახურების სექტორში გადაინაცვლა. [Mickiewicz at al, 2002]

სამწუხაროდ, საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სტრუქტურული ტრანსფორმაცია არასწორი მიმართულებით განხორციელდა. გარდამავალი პერიოდის დასაწყისში საქართველომ რამდენიმე ომი გადაიტანა, განახორციელა წარუმატებელი რეფორმების მთელი წყება, რის შედეგადაც განადგურდა ინფრასტრუქტურა, შეიქმნა გადასახადების ამოღების პრობლემა, დაიწყო ჰიპერინფლაცია, კორუფცია მომძლავრდა და გაიზარდა კრიმინალი. ამ ყველაფერმა, რაღა თქმა უნდა, საქართველოში ინვესტიციის ჩადებისა და ბიზნესის კეთების ყველანაირი ინტერესი გააქრო. შედეგად, დეინდუსტრიალიზებული სექტორებიდან გამოთავისუფლებულმა სამუშაო ძალამ თავის სარჩენად სოფლის მეურნეობაში გადაინაცვლა.

1990 წელს საქართველოში სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა მთელი დასაქმების 26.3%, მაშინ როცა ინდუსტრიულ და მომსახურების სექტორებში შესაბამისად 31,2% და 14,6% იყო დასაქმებული. 2000 წლისთვის სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი 52,1%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა ინდუსტრიულ სექტორში დასაქმებამ მთლიანი დასაქმების 9,8% შეადგინა [Raiser at al, 2003]. აქედან ნათელია, რომ საქართველოში სტრუქტურული ტრანსფორმაცია არასწორი მიმართულებით განვითარდა და არათუ ხელი შეუწყო სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევას, არამედ მნიშვნელოვნად შეაფერხა იგი.

სტრუქტურული დეკომპოზიცია საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ (2003) არაერთი წარმატებული რეფორმა გატარდა, დასაქმების სტრუქტურა დიდად არ შეცვლილა. რეფორმების საწყის წლებში ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა, თუმცა სწრაფი ზრდა არა სწორი მიმართულებით განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების, არამედ სექტორებში გაზრდილი მწარმოებლურობის ხარჯზე ხდებოდა. შედეგად, სწრაფი ზრდის ტემპი დიდხანს არ შენარჩუნებულა და არც სიღარიბის პრობლემის დაძლევა გამხდარა შესაძლებელი.

პირველ გრაფიკზე წარმოდგენილია ინფორმაცია 2015 წლისთვის სხვადასხვა სექტორებში დასაქმებული მოსახლეობის წილის შესახებ მთლიანად დასაქმებულ მოსახლეობაში. პირველ რიგში, 2015 წელს სამუშაო ძალის დასაქმებაში კვლავ სოფლის მეურნეობა ლიდერობდა, მასზე დასაქმებული მოსახლეობის 57% მოდიოდა. მაშასადამე, 2003 წლის შემდგომ განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების წილი 2000 წელთან შედარებით დიდად არ შეცვლილა. მეორე მხრივ, წარმოება საკმაოდ უმნიშვნელო აღმოჩნდა დასაქმების თვალსაზრისით, დასაქმებულთა მხოლოდ 4% მუშაობდა მრეწველობის სექტორში. ე.ი. საქართველოში დეინდუსტრიალიზაცია შედარებით დიდი მასშტაბებით განხორციელდა და ამ სექტორში დასაქმებული მოსახლეობის პროცენტული წილი მკვეთრად ჩამორჩება წარმატებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის 7% განათლების, ხოლო 5% საჯარო მმართველობის სექტორზე მოდიოდა, რაც კვლავაც სახელმწიფოს სექტორის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიგვითითებს. დასაქმების ასეთი სტრუქტურა მკვეთრად განსხვავდება გარდამავალ ეტაპზე მყოფი წარმატებული ქვეყნების სტრუქტურისგან, სადაც მაღალმწარმოებლურ მომსახურებას დიდი წილი აქვს დასაქმებაში, ხოლო სოფლის მეურნეობას _ მცირე [შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკითხვა _ საქსტატი].

მეორე გრაფიკი გვაწვდის ინფორმაციას მთლიანი შიდა პროდუქტის სექტორული განაწილების შესახებ. გრაფიკიდან ცხადად ჩანს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე დიდი ნაწილი საცალო და საბითუმო ვაჭრობის,  ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის და მრეწველობის სექტორებში იქმნებოდა (მთლიანი შიდა პროდუქტის 37%). ხოლო სოფლის მეურნეობის და განათლების სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9 და 5%-ს ქმნის [შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკითხვა - საქსტატი].

სტრუქტურული ცვლილებები 2003-2015 წლებში

იმისათვის, რომ უკეთ შევისწავლოთ, თუ რამდენად სწორი მიმართულებით ხორციელდება სტრუქტურული ცვლილებები და როგორია მისი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, მაკმილანი და როდრიკი (2011) სწავლობენ დამოკიდებულებას დროთა განმავლობაში სექტორში დასაქმებული მოსახლების წილის ცვლილებასა და დარგის ფარდობით მწარმოებლურობას შორის. კონკრეტულ სექტორში დასაქმებული ადამიანების წილის ცვლილება მთლიან დასაქმებაში განისაზღვრება, როგორც აღნიშნულ სექტორში დასაქმებული მოსახლეობის წილების სხვაობა 2003 და 2015 წლებში. მაგალითად, თუ ერთ-ერთ სექტორში დასაქმებული მოსახლეობის წილი მთლიან დასაქმებულებში 7% იყო 2003 წელს და 9%-მდე გაიზარდა 2015 წელს, წილის ცვლილება მხოლოდ 2%-ით განისაზღვრება. რაც შეეხება გრაფიკის ინტერპრეტაციას, ორდინატთა ღერძის მარცხნივ განთავსებული მნიშვნელობები დასაქმების წილის შემცირებას, ხოლო მარჯვნივ დასაქმების წილის ზრდას მიუთითებს. ხოლო, ფარდობითი მწარმოებლურობა კი გამოითვლება, როგორც შესაბამისი სექტორის მწარმოებლურობის ფარდობა ეკონომიკის მთლიან მწარმოებლურობასთან[1]. შესაბამისად, აბსცისათა ღერძის ქვემოთ საშუალოზე დაბალი მწარმოებლურობის მქონე სექტორებია განთავსებული [McMillan at al, 2011].

ავტორების თანახმად, სტრუქტურული ცვლილებები ზრდას ამცირებს, თუ სამუშაო ძალა, დროთა განმავლობაში, დაბალმწარმოებლურ სექტორებში ინაცვლებს. ამ შემთხვევაში, აღნიშნული ორი ცვლადის დამაკავშირებელი რეგრესიის წრფე უარყოფითი დახრილობის იქნება. შესაბამისად, დადებითი სტრუქტურული ცვლილებების შემთხვევაში სამუშაო ძალა უფრო მაღალმწარმოებლურ სექტორებში გადადის და რეგრესიის წრფე დადებითი დახრილობისაა. ამასთანავე, რაც უფრო მეტად დახრილია რეგრესიის წრფე, მით უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სტრუქტურული ცვლილებები.

მესამე გრაფიკი გვიჩვენებს საქართველოში 2003-2015 წლებში მომხდარი სტრუქტურული ცვლილებების რამდენიმე საინტერესო მახასიათებელს. ვხედავთ, რომ დასაქმების წილსა და სამუშაო ძალის ფარდობით მწარმოებლურობას შორის დადებითი და ძლიერი კავშირია, რაც ცალსახად ზრდის მასტიმულირებელ სტრუქტურულ ცვლილებაზე მიუთითებს. აღნიშნული ტენდენცია დაბალმწარმოებლური სოფლის მეურნეობისა და საბითუმო-საცალო ვაჭრობის სექტორებში დასაქმებული მოსახლეობის წილის შემცირებით აიხსნება. 2003 წელთან შედარებით, 2015 წელს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის წილი 4,62 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ამასთანავე საცალო-საბითუმო ვაჭრობის სექტორში აღნიშნული ცვლილება მხოლოდ 0,89 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა.

რეგრესიის წრფის დადებითი დახრილობა არა მხოლოდ დაბალმწარმოებლურ სექტორებში დასაქმებული მოსახლეობის წილის შემცირებით, არამედ ზოგიერთ ძალიან მაღალმწარმოებლურ სექტორში შრომითი რესურსების კონცენტრაციის ზრდითაც აიხსნება. მაგალითად, მშენებლობასა და ფინანსური მომსახურების სექტორებში დასაქმებული მოსახლეობის წილი მთლიან დასაქმებაში შესაბამისად 1,54 და 0,85 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ამასთანავე, განათლება არის ერთადერთი საშუალოზე დაბალმწარმოებლური სექტორი, სადაც დასაქმების წილი 2003-2015 წლებში გაიზარდა, პროდუქტიულობის ზრდამ კი მხოლოდ 0,46 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

მესამე გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ ეკონომიკის სექტორების უმეტესობა კონცენტრირებულია ორდინატთა ღერძის (Y ღერძის) გასწვრივ, რომელიც აღნიშნავს ნულოვან ცვლილებას დასაქმებაში. ასეთი სურათი უჩვეულო არ არის ნაკლებად შრომატევადი მაღალპროდუქტიული სექტორებისთვის, როგორიცაა სამთო მოპოვება და ელექტროენერგიის წარმოება-განაწილება. აღნიშნულ სექტორებში შექმნილი ღირებულების ზრდა არა შრომითი რესურსების მობილიზაციის, არამედ სექტორების შიგნით გაზრდილი პროდუქტიულობის ხარჯზე ხდება. ამიტომაც, დადებითი სტრუქტურული ცვლილებების ინიცირების საქმეში აღნიშნული დარგების იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს. უფრო საგანგაშო ის არის, რომ არ იცვლება დასაქმებაში მრეწველობის წილი. საქართველოში ამ სექტორის ზომა მნიშვნელოვნად ჩამორჩება  გარდამავალი ეკონომიკის მქონე წარმატებული ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს.  

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ზრდის მასტიმულირებელი სტრუქტურული ტრანსფორმაცია მიმდინარეობს და, ერთი შეხედვით, ცვლილებები სწორი მიმართულებით ხორციელდება, სტრუქტურული ცვლილებების ტემპი შესამჩნევად დაბალია. მაგალითად, 2003-2015 წლებში ყველაზე სწრაფად სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული მუშაკების პროცენტული წილი მცირდებოდა მთლიან დასაქმებაში. თუმცა, საბოლოოდ, დასაქმების წილი მხოლოდ 4,62%-ით შემცირდა, რაც არასაკმარისია, რადგანაც საქართველო ჯერ კიდევ ძალიან შორს არის წარმატებული ქვეყნების სტრუქტურული დეკომპოზიციისაგან. ყველაზე სწრაფი ზრდა კი მშენებლობის სექტორმა განიცადა, თუმცა დასაქმებულთა წილის ზრდის 1,54%-იანი მაჩვენებელი არ შეიძლება მნიშვნელოვან მიღწევად ჩაითვალოს. ამ ყოველივეზე დაყრდნობით კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სტრუქტურული ცვლილებების თვალსაზრისით საქართველო პრაქტიკულად ერთ ადგილზე დგას.

დანართები

 

 

დასკვნა

რომ შევაჯამოთ, სტრუქტურული ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროდუქტიულობის ზრდაზე, სწორედ ამ აღმოჩენას შეუძლია წარმატებით ახსნას ეკონომიკური ზრდის განსხვავებული ტემპები ერთი და იმავე შესაძლებლობების მქონე ქვეყნების შემთხვევაში. სამწუხაროდ, საქართველო იმ ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც ვერ შეძლეს გარდამავალი პერიოდის საწყის წლებში შრომითი რესურსების გადაადგილებისთვის სწორი მიმართულება მიეცათ, შესაბამისად, სტრუქტურული ცვლილებები არასწორი მიმართულებით წარიმართა. ამასთანავე, 2003 წელს განხორციელებული წარმატებული რეფორმების მიუხედავად,  ვხედავთ, რომ ეკონომიკის სტრუქტურა დიდად არ შეცვლილა და დასაქმებულთა წილის განაწილება ისევ არაპროდუქტიული სოფლის მეურნეობის სექტორისკენ არის გადახრილი.

განვითარებულ ქვეყნებთან დასაწევად საქართველომ სტრუქტურული ტრანსფორმაცია უნდა დააჩქაროს: ექსპორტის დივერსიფიკაციით (ნედლეულის ექსპორტს უნდა გასცდეს), საექსპორტო სექტორებში, როგორიცაა წარმოება, შედარებითი უპირატესობის მოპოვებით, ექსპორტის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შექმნით, სამუშაო ძალის მობილობის გასაუმჯობესებლად სამუშაო უნარების გაუმჯობესებით და, ბოლოს, ბიზნესში ინვესტირებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნითა და შენარჩუნებით.

 გამოყენებული ლიტერატურა

McMillan, M. S., & Rodrik, D. (2011). Globalization, structural change and productivity growth (No. w17143). National Bureau of Economic Research.

Mickiewicz, T., & Zalewska, A. (2002). Deindustrialisation: lessons from the structural outcomes of post-communist transition, N463, 1-43.

Rada, C., & Taylor, L. (2006). Developing and transition economies in the late 20th century: diverging growth rates, economic structures, and sources of demand. New York: United Nations Department of Economic and Social Affairs.

Raiser, M., Schaffer, M., & Schuchhardt, J. (2004). Benchmarking structural change in transition. Structural Change and Economic Dynamics, 15(1), 47-81.

Thießen, U., & Gregory, P. R. (2005). Modelling the structural change of transition countries (No. 519). DIW Discussion Papers.

Timmer, M. P., & de Vries, G. J. (2009). Structural change and growth accelerations in Asia and Latin America: a new sectoral data set. Cliometrica, 3(2), 165-190



[1]სექტორის მწარმოებლურობა განისაზღვრება, სექტორში წარმოებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტით ამ სექტორში დასაქმებულ ერთ ადამიანზე.